24 დეკემბერს EMT-ის კლუბი Free Time ქისტური კულტურის საღამოს მასპინძლობდა. საღამოს ორგანიზატორი იყო EMT -ის მომავალი ლიდერების კლუბის აქტიური წევრი მარი ტყეშელაშვილი.
მოწვეულმა სტუმარმა ქისტური ფოლკლორის უზადო შემსრულებელმა სულთან ბორჩაშვილმა გიტარასა და ბალალაიკაზე ქისტური სიმღერები შეასრულა და დამსწრეებს ქისტური კულტურა და ფოლკლორი გააცნო.
შეხვედრას კიდევ უფრო დიდ ხიბლს მატებდა ანსამბლი „მისრული“, რომლის წევრებმა ვახო გაბიძაშვილმა, აკაკი გაბრიჩიძემ, ზურა მაისაშვილმა, ირაკლი შერგელაშვილმა ფანდურზე ქისტური და ქართული სიმღერები დააგუგუნეს.
ლუიზა მუთოშვილმა, ქისტი პატარების ქართულის მასწავლებელმა, საკუთარი ხელით ჩამოიტანა პანკისიდან ქისტური ტრადიციული ხალვა და დამსწრეებს დააგემოვნებინა. შეხვედრის ბოლოს თავად ლუიზაც და საღამოს ორგანიზატორი მარი ტყეშელაშვილიც ამღერდნენ.
ბალალაიკის მჟღერმა ხმამ, ფანდურის სითბომ, ქართულმა და ქისტურმა სიმღერებმა ნამდვილი კავკასიური ცეცხლი დაანთო და ახალგაზრდებიც ააცეკვა.
ქისტური კულტურის საღამო 2013 წლის სეზონის ბოლო ღონისძიება იყო კლუბში FREE TIME. ამასთან დაკავშირებით საღამოს ნაწილი დაჯილდოების ცერემონიალს დაეთმო. მადლობის სიგელები საზეიმოდ გადაეცა ყველას, ვინც 2013 წელს კლუბში დაგეგმა და განახორციელა ღონისძიებები.
ფოტოები
საღამოს ნაწილის ვიდეო ჩანაწერი